როგორ გავანაწილოთ ბიუჯეტი 50-30-20 მეთოდის მიხედვით

აიღე სესხი

შემოსავალი არასოდეს არის საკმარისი. მოთხოვნილებები და ხარჯების ოდენობა ხელფასის ზრდასთან ერთად იზრდება. ამის მიუხედავად მომხმარებლების ნაწილი მაინც ახერხებს თანხის დაზოგვას, ნაწილი კი ვერა. ამის საფუძველი და მიზეზი დაუგეგმავი ბიუჯეტია. ხელფასის ხარჯვისას დიდი მნიშვნელობა აქვს პრიორიტეტების განსაზღვრას. როგორ უნდა ვხარჯოთ თანხა გონივრულად და შევადგინოთ ბიუჯეტის ხარჯვის გეგმა? ექსპერტები გვთავაზობენ 50-30-20 მეთოდს, რომელიც სიმარტივით გამოირჩევა. თქვენ არ გჭირდებათ ცხრილების შედგენა. ამასთან, არ არის საჭირო იყოთ ფინანსური ექსპერტი იმისათვის, რათა გაიგოთ თუ რა ოდენობის თანხა უნდა დახარჯოთ.

50-30-20 მეთოდის საშუალებით მარტივად ადგენთ ბიუჯეტს და ანაწილებთ 3 კატეგორიის მიხედვით.

აუცილებელი ხარჯები – თქვენი შემოსავლის 50% უნდა მოახმაროთ ყველა იმ აუცილებელ ხარჯს, რომელიც ყოველთვიურ საჭიროებებთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ხარჯების გაღება უდავოდ მოგიწევთ, იმის მიუხედავად თუ სად მუშაობთ, რამდენი გაქვთ შემოსავალი ან რა გეგმები გაქვთ მომავალში. ეს მოიცავს კვების, კომუნალური გადასახადების, ბინის ქირისა თუ ტრანსპორტირების ხარჯს.

პირადი ხარჯები – შემოსავლის 30% უნდა მოახმაროთ თქვენს სურვილებს ანუ ყველაფერ იმას, რაც გიქმნით კომფორტს. ეს კატეგორია არასაჭირო ხარჯებსაც მოიცავს ანუ იმას, რასაც ყიდულობთ, თუმცა შესაძლოა არ გჭირდებოდეთ. აქ იგულისხმება ისეთი ხარჯები, როგორიცაა კინოთეატრის ბილეთი, მოგზაურობა, დასვენება, სპორტული კომპლექსის ამონიმენტი და სხვა.

დანაზოგი – შემოსავლის 20% ფინანსური მიზნებისთვის უნდა მოიხმაროთ. დანაზოგის გაკეთება, ინვესტიცია ან არსებული ვალდებულებების გადახდა. შემოსავლის 1/5-ის დაზოგვით საკმაოდ დიდი თანხის დაგროვებას შეძლებთ. მზად იქნებით მოულოდნელი ფინანსური გამოწვევებისთვის, მარტივად შეძლებთ პრობლემებთან გამკლავებას ან სამომავლო გეგმების განხორციელებას. ამ კატეგორიის ხარჯები მხოლოდ მას შემდეგ უნდა გადაიხადოთ, რაც თქვენს საჭიროებებზე იზრუნებთ.

როგორ გავანაწილოთ ბიუჯეტი 50-30-20 მეთოდის მიხედვით

როგორ მუშაობს ბიუჯეტის ხარჯვის 50-30-20 მეთოდი

აღნიშნული მეთოდის შესრულება არც ისე მარტივია, რადგან ხშირად არსებული გარემოებიდან გამომდინარე ჩვენი შემოსავალი მიმდინარე ვალდებულების გასტუმრებასაც ვერ წვდება, არათუ დანაზოგს. როგორ დავიწყოთ ბიუჯეტის ხარჯვა 50-30-20 პრინციპით?

  • დავთვალეთ გასული თვის ხარჯი, რათა განსაზღვროთ თქვენი შემოსავლიდან რაში რამდენს ხარჯავთ და რამდენად შესაძლებელია ეკონომიის გაწევა გარკვეული ტიპის ხარჯებზე? დაფიქრდით რაზე შეგიძლიათ თქვათ უარი და რა ტიპის ხარჯის შემცირებაა შესაძლებელი.
  • დაგეგმეთ მომდევნო თვის ბიუჯეტი. გაითვალისწინეთ წინა თვის შედეგები და შეეცადეთ მის უკეთ დაგეგმას 50-30-20 პრინციპით.

ბიუჯეტის ხარჯვის 50-30-20 მეთოდი ამარტივებს პირადი ფინანსების მართვას. აღნიშნული პრინციპის გამოყენებით თქვენ ეფექტურად მართავთ თქვენს ხარჯებს, შეძლებთ გადასახადების გადახდას, დანაზოგის გაკეთებას და გექნებათ სრული თავისუფლება გამოიყენოთ ფული გართობისთვის. თქვენი მოქმედება წინასწარ იქნება განსაზღვრული და შეძლებთ ფინანსური სტაბილურობის მიღწევას. აღნიშნული მეთოდის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ გეხმარებათ იყოთ თანმიმდევრული ფულის მართვისას, გაუმკლავდეთ ყველა არსებულ ხარჯს, დაზოგოთ ფული მომავლისთვის და მისცეთ საკუთარ თავს ცხოვრებით სიამოვნების უფლება. ბიუჯეტის გონივრულად მართვა თავიდან აგარიდებთ მოულოდნელ ფინანსურ სირთულეებს, მარტივად შეძლებთ ხარჯების განაწილებას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.

გაკეთე კომენტარი