როგორ მივიღოთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები

აიღე სესხი

როგორ შევადგინოთ ბიუჯეტი, დავხარჯოთ თანხა თუ გავაკეთოთ დანაზოგი? – ფინანსური გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად ცვლის ჩვენს ცხოვრებას. გონივრული გადაწყვეტილების შედეგად მარტივად ვაღწევთ მიზანს, ვზოგავთ თანხას და ვუმკლავდებით მოულოდნელ ხარჯებს. არასწორი არჩევანის შედეგად კი ხშირად ვიქმნით პრობლემას, დაუფიქრებლად ვიღებთ სესხს და ვეღარ ვახერხებთ გადახდას.

გონივრული არჩევანის გასაკეთებლად საჭიროა იცოდეთ თქვენი ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა. დაფიქრდეთ რა არის თქვენი სუსტი და ძლიერი მხარე. რა შეცდომა დაუშვით და როგორ შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ მსგავსი სიტუაცია მომავალში.

რჩევები გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად

  • გაანალიზეთ წარსულში მიღებული ფინანსური გადაწყვეტილებები – ეს დაგეხმარებათ თქვენი სუსტი მხარეების უკეთ შესწავლაში, რაც მომავალში თავიდან აგარიდებთ იგივე შეცდომის დაშვებას.
  • გაიუმჯობესეთ ფინანსური განათლება – ფინანსური პრობლემების ძირითადი მიზეზი საკრედიტო პროდუქტების შესახებ არასრული ინფორმაციის ქონაა. ფინანსური განათლების მიღება გაზრდის თქვენს ცოდნას, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ უკეთესი გადაწყვეტილებები.
  • უარი თქვით „ემოციურ ხარჯვაზე“ – თუ ისეთ ნივთებს ყიდულობთ, რომელსაც თქვენი ბიუჯეტი ვერ წვდება, აქტიურად სარგებლობთ ყველა შეთავაზებით და იხდით საკრედიტო ბარათით, დროა დაფიქრდეთ. მოიცადეთ 72 საათი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, დაფიქრდით ნამდვილად გჭირდებათ თუ არა აღნიშნული ნივთი.
  • განსაზღვრეთ მიზანი – გარკვეული მიზნების მისაღწევად საჭიროა ფინანსები. განათლების მიღება, მოგზაურობა, ბინის რემონტი, ახალი ტექნიკის ან მანქანის შეძენა. თუკი წინასწარ დაისახავთ მიზანს, მარტივად შეძლებთ მის მისაღწევად საჭირო თანხის დაზოგვას.
  • დაიწყეთ დაზოგვა – დაიწყეთ დაზოგვა ყოველთვიურად. თუ ხელფასი გერიცხებათ, ისარგებლეთ ავტომატური გადარიცხვის მომსახურებით. თქვენ წინასწარ მისცემთ დავალებას ბანკს, თქვენს მიერ არჩეული თანხა კონკრეტულ რიცხვში გადარიცხოს ანაბარზე.
  • ისესხეთ პასუხისმგებლობით – რამდენად კარგადაც არ უნდა გქონდეთ შედგენილი ბიუჯეტი, ცხოვრებაში ხშირად ჩნდება მოულოდნელი ფინანსური სირთულეები, რისთვისაც დამატებითი თანხაა საჭირო. თუ სესხს გონივრულად შეარჩევთ, გაითვალისწინებთ მოსალოდნელ ხარჯებს და გადახდის გზებს, მარტივად გაუმკლავდებით ვალდებულებას და შეძლებთ დადებითი საკრედიტო ისტორიის შექმნას. სესხის შერჩევისას გაითვალისწინეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, ყურადღებით წაიკითხეთ ხელშეკრულება და გაარკვიეთ დამატებითი ხარჯების შესახებ.

დაიწყეთ ხარჯების კონტროლი, უარი თქვით ”ემოციურ ხარჯვაზე” და დაზოგეთ თანხა. დანაზოგის საშუალებით მარტივად აისრულებთ სურვილებს და შეძლებთ ფინანსური მიზნების მიღწევას. კეთილდღეობის მოსაპოვებლად და ფინანსური სირთულეების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სწორი გადაწყვეტილებების მიღება. გონივრული არჩევანი ხარჯების დაზოგვის და ვალდებულების დროულად დაფარვის წინაპირობაა.

გაკეთე კომენტარი