როგორ უნდა მოიქცეთ თუ ვალდებულებას ვეღარ ფარავთ

აიღე სესხი

ნებისმიერი სახის კრედიტის აღება რისკთან არის დაკავშირებული. შესაძლოა დღეს კარგი ფინანსური მდგომარეობა გქონდეთ, თუმცა მომავალში ვალდებულების შესრულება ვერ შეძლოთ. შემოსავლის შემცირების ან სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯისგან არავინაა დაზღვეული. როგორ უნდა მოიქცეთ თუ ვალდებულებას ვეღარ ფარავთ? რა ალტერნატიულ გზას უნდა მიმართოთ პრობლემის მოსაგვარებლად?

თუ თქვენ სესხის დაფარვას ვეღარ ახერხებთ, მიმართეთ საკრედიტო დაწესებულებას, რათა რაც შეიძლება მალე იპოვოთ გამოსავალი. თუ კრედიტის დაფარვას დიდი ხნით ვერ შეძლებთ, დაგერიცხებათ ჯარიმა და ვალდებულებები კიდევ უფრო გაიზრდება. ნუ დაემალებით საფინანსო კომპანიას. საქმის კურსში ჩააყენეთ კრედიტორი. ის შეისწავლის თქვენს გადახდებს და შესაძლოა შემოგთავაზოთ სესხის რესტრუქტურიზაცია – პირობების ცვლილება, რომელიც მისი ისეთი სახით გარდაქმნისკენ იქნება მიმართული, რომ ვალის გადახდა მარტივად შეძლოთ.

სესხის რესტრუქტურიზაცია – დადებითი და უარყოფითი მხარეები

რესტრუქტურიზაციის დროს თქვენი ყველა ვალდებულების გაერთიანება და მისი უფრო მეტ ვადაში გადანაწილება ხდება. რამდენიმე საკრედიტო პროდუქტის გადახდის ნაცვლად, მხოლოდ ერთ სესხს იხდით. რესტრუქტურიზაციას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. შესაძლოა მას დამატებითი საკომისიო ჰქონდეს. ამასთან, სესხის ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში იზრდება ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობა. თუმცა ამავე დროს უმჯობესდება თქვენი მდგომარეობა, რადგან თანხას იხდით თვის კონკრეტულ რიცხვში. მაგ: თუ თქვენი ხელფასი შემცირდა და გადახდისუნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ამასთან, გაქვთ 3 სესხი და სხვადასხვა დროს იხდით, რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში შეგიძლიათ თვის ერთ რიცხვში გადაიხადოთ უფრო ნაკლები თანხა და გაახანგძლივოთ დაფარვის პერიოდი.

არსებობს რესტრუქტურიზაციის მეორე შემთხვევაც, როცა ერთი ბანკი გთავაზობთ მეორე ბანკში არსებული დავალიანების დაფარვას. რეფინანსირება გულისხმობს კრედიტის წინსწრებით დაფარვას როგორც საკუთარი, ასევე სხვა ბანკიდან მიღებული სახსრებით. ამ დროს მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები;

  • რა ვადაზე განაწილდება თქვენი სესხი – ვადის გახანგძლივება ცხადია ნიშნავს მეტ გადასახადს. გაიგეთ რა დროში უნდა დაფაროთ არსებული ვალდებულება და რა დამატებითი ხარჯი დაემატება მას;
  • რამდენად შემცირდება სესხზე ყოველთვიურად გადასახადი თანხა – რესტრუქტურიზაციის მიზანი სწორედ გადასახადი თანხის შემცირებაა. გაარკვიეთ რამდენით ნაკლების გადახდა მოგიწევთ;
  • რამდენად შეძლებთ აღნიშნული თანხის გადახდას – გამოითვალეთ თქვენი შემოსავლებისა და ხარჯების ოდენობა, რათა გაარკვიოთ რა თანხა გექნებათ გადასახადი;
  • რამდენს შეადგენს სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი – დააზუსტეთ წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, რათა იცოდეთ თუ რა ხარჯის გაღება მოგიწევთ კრედიტის დასაფარად და რა დამატებითი ხარჯები შეიძლება გქონდეთ;
  • დამატებითი უზრუნველყოფა – რესტრუქტურიზაციის დროს კომპანიები ზოგჯერ ითხოვენ უზრუნველყოფას. გაარკვიეთ აქვს თუ არა მსგავსი მოთხოვნა კრედიტორს.

თუ საფინანსო კომპანიასთან ვერ ხერხდება მოლაპარაკება ან უარი მიიღეთ რეფინანსირებაზე, მიმართეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, რათა ისესხოთ თანხა და გაუმკლავდეთ სირთულეებს. თუ შემოსავლის გარეშე დარჩით, თქვენ დაგჭირდებათ ფინანსური მრჩეველი, რომელიც დაგიგეგმავთ სესხის დაფარვის ვადებს და დაგეხმარებათ სხვა შემოსავლის წყაროების მოძიებაში.

თანხის მარტივად მიღების შესაძლებლობა დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღების რისკს ზრდის. თუკი იმაზე მეტი ვალდებულება გაქვთ, ვიდრე გადახდა შეგიძლიათ, დაიწყეთ ფინანსური პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა. პასუხისმგებლობით სესხება თავიდან აგარიდებთ ნეგატიური საკრედიტო ისტორიის შექმნას, რაც გაგიმარტივებთ საკრედიტო კომპანიებთან ურთიერთობას.

გაკეთე კომენტარი