როგორ დავაღწიოთ თავი კრედიტებს

აიღე სესხი

საკრედიტო სექტორის შეთავაზებები მიმზიდველი და ხელსაყრელია. სესხის მარტივად აღების შესაძლებლობისა და პროდუქტების მრავალფეროვნების გამო მომხმარებლთა დიდი ნაწილი მიმართავს საფინანსო კომპანიებს, თუმცა სარეკლამო სლოგანების მიღმა ხშირად დაფარულია საკომისიოები და მაღალი საპროცენტო განაკვეთი. შესაბამისად, მომხმარებლებს იმაზე მეტი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე ამას მათი ბიუჯეტი ითვალისწინებს. ამის შედეგი კი დაგროვილი ვალები და კრედიტებია. როგორ დავაღწიოთ თავი კრედიტებს და რა უნდა ვიცოდეთ სანამ რომელი კომპანიის მომსახურებით ვისარგებლებთ?

მომხმარებლები ხშირად უშვებენ შეცდომას, როცა ახალ კრედიტს იმისთვის იღებენ, რომ სხვები გადაიხადონ. ეს დამატებითი ვალდებულების აღებაა, მაშინ როცა მიმდინარესაც ვერ ფარავთ. თუკი სესხის გადახდას ვერ ახერხებთ უმჯობესია დაუკავშირდეთ კრედიტორს და პირობების შეცვლა მოსთხოვოთ. კომპანიამ შეიძლება შემოგთავაზოთ რესტრუქტურიზაცია – ვალდებულებების გაერთიანება და მისი მეტ დროში გადანაწილება.

კრედიტის აღებამდე კარგად განსაზღვრეთ და გაანალიზეთ თუ როგორ დაფარავთ ვალს, გაეცანით პირობას, საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, ამით ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებთ. იმისათვის რომ არ მოგაკლდეთ თანხა ისეთ აუცილებელ ხარჯებზე, როგორიცაა კომუნალური გადასახადები, კვება, მგზავრობის თანხა და სხვა, კარგად გამოთვალეთ თქვენი შემოსავლებისა და ხარჯების ოდენობა და ახალი კრედიტი მხოლოდ ამის შემდეგ აიღეთ.

როგორ დავაღწიოთ თავი კრედიტებს

რა უნდა ვიცოდეთ კრედიტის აღებისას

ჩვენ ხშირად იმაზე მეტ თანხას ვსესხულობთ, ვიდრე გადახდა შეგვიძლია. შესაბამისად, შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ ვალების დაფარვას ხმარდება. აღარ გვყოფნის დარჩენილი შემოსავალი და იძულებული ვართ კიდევ მივმართოთო საკრედიტო სერვისებს. იმისათვის რომ თავი დააღწიოთ ვალებს, საჭიროა ზუსტად განსაზღვროთ პროდუქტის პირობა.

  • დააკვირდით ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს – ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ცოდნა დაგეხმარებათ წინასწარ გაიგოთ სესხზე გადასახადი თანხის ოდენობა. სარეკლამო შეთავაზებებში ხშირად გვთავაზობენ უპროცენტო სესხს, თუმცა ასეთი ტიპის კრედიტებს თან ახლავს დამატებითი ხარჯი. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი მოიცავს ყველა იმ ხარჯს, რაც შესაძლოა რომ გქონდეთ სესხით სარგებლობის პერიოდში.
  • გამოთვალეთ შემოსავლისა და ხარჯის ოდენობა – სესხზე ყოველთვიურად გადასახადი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თქვენი დანაზოგის 70%-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი თქვენი შემოსავალი 1500 ლარია, ხოლო ხარჯი 1000, დანაზოგი გამოდის 500 ლარი. ყოველთვიურად გადასახადი თანხა კი არ უნდა აღემატებოდეს დანაზოგის 70%-ს ანუ 350 ლარს.
  • გაეცანით ხელშეკრულებას – ხელშეკრულებაში მოცემულია სესხის ყველა პირობა მათ შორის ინფორმაცია დამატებითი ხარჯების შესახებ. სანამ კონკრეტული კრედიტორის პირობას შეარჩევთ გაეცანით ხელშეკრულებას, რათა წინასწარ იცოდეთ ხარჯების ოდენობა და თქვენი მოვალეობები.

იმისათვის, რომ თავი დააღწიოთ ვალებს, საჭიროა პასუხისმგებლობით მიუდგეთ ფულის სესხებას. გაითვალისწინოთ კრედიტის პირობები, თქვენი შემოსავლის ოდენობა და გადახდის შესაძლებლობა. ხოლო თუ ვერ ახერხებთ ვალის დაბრუნებას, დაუკავშირდეთ კომპანიას და შეცვალოთ გადახდის პირობა.

გაკეთე კომენტარი