რა უნდა ვიცოდეთ საფინანსო კომპანიებთან ურთიერთობისას

აიღე სესხი

ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს საკრედიტო კომპანიებთან ურთიერთობისას პრობლემა ექმნებათ, ვერ ახერხებენ ვალდებულების გასტუმრებას და თავს დაზარალებულად მიიჩნევენ. მეორე მხრივ, კრედიტორები თვლიან, რომ კლიენტთა უფლებები არ ირღვევა და ისინი ვალდებული არიან შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები. როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან პრობლემები საფინანსო კომპანიებთან ურთიერთობისას და რა უნდა ვიცოდეთ კონკრეტული პროდუქტით სარგებლობისას?

ბანკთან თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან ურთიერთობის დაწყებამდე მოითხოვეთ სრული ინფორმაცია სესხით სარგებლობის შესახებ. გაარკვიეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა. გაიგეთ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ვალდებულების არაჯეროვან შესრულებასა და ვადაგადაცილებას.

მომხმარებლები სესხის აღებისას ხშირად ჩქარობენ, არ ეცნობიან ხელშეკრულებას და იღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. ამასთან, ბევრია ისეთი კლიენტი, რომელიც ეცნობა ხელშეკრულებას, თუმცა კონკრეტული საკითხები მაინც გაუგებარი რჩება. სწორედ ამიტომ აუცილებელია ყველა მნიშვნელოვანი საკითხი საკრედიტო ექსპერტთან დააზუსტოთ.

რა უნდა ვიცოდეთ საკრედიტო კომპანიებთან ურთიერთობისას

რჩევები საკრედიტო პროდუქტის სწორად შესარჩევად

  • ისარგებლეთ სესხის კალკულატორით – სანამ კონკრეტულ ბანკსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიმართავთ სესხის მოთხოვნით, ეწვიეთ მათ ვებგვერდს და გაეცანით სასურველი პროდუქტის პირობას. კომპანიების უმრავლესობას ვებგვერდზე მოცემული აქვს სესხის კალკულატორი, რაც კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ გამოითვალოთ გადასახადი თანხის ოდენობა. თუმცა კალკულატორი საორიენტაციო ხარჯის გამოსათვლელად არის გათვლილი და უმჯობესია ის ზოგადი ინფორმაციისთვის გამოიყენოთ. ხოლო ზუსტი ხარჯების გამოსათვლელად კომპანიას მიმართოთ.
  • გაესაუბრეთ საკრედიტო ექსპერტს – მომხმარებელთა დიდ ნაწილს ფინანსური განათლება არ აქვს. შესაბამისად, მათთვის რთულია რიგი საკითხების გაგება. თუკი კონკრეტული პროდუქტისა თუ მომსახურების პირობა გაუგებარი იქნება, გირჩევთ დააზუსტოთ საკრედიტო ექსპერტთან, რათა მოულოდნელი პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეთ მომავალში. ზუსტი ინფორმაციის ქონა თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ხარჯებს და შეძლებთ ბიუჯეტის გონივრულად განაწილებას. შესაბამისად, საკრედიტო ვალდებულებების დროულად დაფარვას.
  • გაიგეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა – ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ყველა იმ ხარჯს მოიცავს, რაც პროდუქტს თან ახლავს. ეს შეიძლება იყოს თანხის განაღდების ან წინსწრებით დაფარვის საკომისიო. თუ კომპანია ნომინალურ განაკვეთს გაუბნებათ, გახსოვდეთ რომ ის არ მოიცავს ყველა ხარჯს და შესაძლოა გადასახად თანხას კიდევ დაემატოს დამატებითი საკომისიო. გაარკვიეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, რათა წინასწარ იცოდეთ მოსალოდნელი ხარჯების შესახებ.
  • დააზუსტეთ ყველა დამატებითი ხარჯის შესახებ – რიგ საკრედიტო პროდუქტებს თან ახლავს დამატებითი საკომისიოები. აღნიშნული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ხელშეკრულების პირველივე გვერდზეა მოცემული. გაითვალისწინეთ წინასწარ, რათა დროულად შეძლოთ ვალდებულებების გადახდა და არ შეიქმნათ უარყოფითი საკრედიტო ისტორია.
  • გაეცანით ხელშეკრულებას – ხელშეკრულების გაცნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკრედიტო პროდუქტით სარგებლობისას. მასში მოცემულია მომსახურების ყველა პირობა, თქვენი მოვალეობები, უფლებები, შესაძლო საკომისიოებისა თუ ჯარიმების ოდენობა ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

საკრედიტო კომპანიის გონივრულად შერჩევა და პროდუქტის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის ფლობა თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს. მარტივად შეძლებთ ვალდებულებებთან გამკლავებას და დადებითი საკრედიტო ისტორიის შექმნას, რაც მომავალში გაგიმარტივებთ საფინანსო კომპანიებთან ურთიერთობას და გაზრდის სესხის დამტკიცების შანსს.

გაკეთე კომენტარი