რა არის განვადება და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

აიღე სესხი

განვადება სამომხმარებლო ტიპის კრედიტია, რომელსაც იღებთ მაღაზიაში ან სავაჭრო ობიექტში კონკრეტული ნივთის შესაძენად. სამომხმარებლო სესხისგან განსხვავებით განვადება მიზნობრივი კრედიტია, რომლის საშუალებითაც ყიდულობთ კონკრეტულ საქონელს. იქნება ეს საყოფაცხოვრებლო ტექნიკა, ავეჯი თუ სხვა. მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია უშუალოდ სავაჭრო ობიექტში. ონლაინ განვადება ახალი შესაძლებლობაა საჭირო თანხა ინტერნეტის საშუალებით მიიღოთ და მარტივად შეიძინოთ ნივთი კონკრეტულ ვებგვერდზე.

დღესდღეობით, უპროცენტო განვადება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვისია, თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რეალურად რა პირობა აქვს აღნიშნულ მომსახურებას, რათა არ დავრჩეთ მოტყუებული. მომხმარებლები ხშირად ფიქრობენ, რომ რადგან განვადება უპროცენტოა, მათ აღარ უწევთ საპროცენტო განაკვეთის გადახდა და მხოლოდ შეძენილი პროდუქტის ფასს იხდიან. მართალია უპროცენტო განვადებისას პროცენტი ნულია, მაგრამ კლიენტს ხშირად აქვს დამატებითი ხარჯი, რაც გამოიხატება სესხის გაცემის ან დამტკიცების საკომისიოში. აღნიშნული ხარჯი აძვირებს ნივთის საწყის ფასს. შესაბამისად, მომხმარებელი ვეღარ სარგებლობს პროდუქციის საწყისი სავაჭრო ღირებულებით.

განვადება

სამომხმარებლო სესხი თუ განვადება

მომხმარებლები ხშირად აკეთებენ არჩევანს სამომხმარებლო სესხსა და განვადებას შორის. მათ შორის სხვაობა ის არის, რომ განვადების დროს ნივთს პირდაპირ პარტნიორ მაღაზიაში ყიდულობთ, ისე რომ არ გიწევთ კომპანიაში მისვლა. ხოლო სამომხმარებლო სესხის აღებისას თანხას ბანკში იღებთ და შეგიძლიათ ის სხვა მიზნისთვისაც გამოიყენოთ. ამასთან, შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენთვის საჭირო თანხის ოდენობა.

განვადების დასამტკიცებლად საკმარისია გქონდეთ პირადობის მოწმობა და მიმართოთ სავაჭრო ობიექტს. პროცედურა არ აჭარბებს 15 წუთს. სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში შესაძლოა ბანკში მოგთხოვონ დასაქმების ცნობა, საბანკო ამონაწერი და სხვა. თანხის მიღების დრო კი შედარებით ხანგძლივია.

მომსახურების სწორად შესარჩევად მნიშვნელოვანია განსაზღვროთ თქვენი მიზანი. განვადების უპირატესობა ის არის, რომ ნაკლებ დროს მოითხოვს და სასურველ ნივთს მარტივად ყიდულობთ. თუმცა თუ კონკრეტული ნივთის შეძენის გარდა დამატებითი თანხა გჭირდებათ, ეს მომსახურება ვერ დაგეხმარებათ, რადგან მას თანხობრივი შეზღუდვა აქვს და ნებისმიერი მიზნისთვის ვერ გამოიყენებთ. სამომხმარებლო სესხის უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ მარტივად იღებთ საჭირო თანხას და მისი დახარჯვა ნებისმიერი მიზნისთვის შეგიძლიათ. თანხის მისაღებად საჭიროა ფილიალში მისვლა, თუმცა სესხის მოთხოვნა ინტერნეტ ბანკის საშუალებითაც ხდება.

არჩევანის გაკეთებისას გაარკვიეთ თუ რომელი პროდუქტით სარგებლობა იქნება ნაკლებ ხარჯთან დაკავშირებული. დააზუსტეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, გადასახადი თანხის ოდენობა. ამასთან, განსაზღვრეთ თუ რა არის თქვენი მიზანი – ნივთის ყიდვა თუ პირადი ხარჯების დაფინანსება. რა რაოდენობის თანხა გჭირდებათ და რაში აპირებთ დახარჯვას. პროდუქტის სწორად შერჩევა დაგეხმარებათ ხარჯების შემცირებასა და ფინანსური მიზნის მიღწევაში.

გაკეთე კომენტარი