მსოფლიო დაზოგვის დღე საქართველოში და მისი წარმოშობის ისტორია

აიღე სესხი

დანაზოგი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, საფინანსო სექტორისა და მოსახლეობისთვის. დაზოგვის შემთხვევაში ფული ინვესტიციად გადაიქცევა და მომავალში შესაძლოა ახალი ბიზნესის დაწყების წყაროდ იქცეს. დანაზოგი ბანკებისთვის მნიშვნელოვანი რეფინანსირების წყაროა, მომხმარებლებისთვის კი სურვილების ასრულებისა და მიზნების მიღწევის საშუალება. დაზოგვის კულტურა დაკავშირებულია ფინანსურ განათლებასთან.

მსოფლიო დაზოგვის დღის იდეაც სწორედ ფინანსური განათლების ამაღლება და თანხის შეგროვების წახალისებაა. ამ დღეს, როგორც წესი ეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები უხსნიან ბავშვებსა და მოზარდებს თუ როგორ მართონ ფული. ჭიანჭველა „გროვია“ მსოფლიო დაზოგვის დღის სიმბოლოა საქართველოში. „გროვია“ მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას დანაზოგზე, საბანკო პროდუქტებსა და ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებზე. საბანკო სექტორმა 2012 წლიდან დაიწყო ამ დღის აღნიშვნა საქართველოში. მსოფლიო დაზოგვის დღე 31 ოქტომბერს აღინიშნება.

მსოფლიო დაზოგვის დღე

მსოფლიო დაზოგვის დღის ისტორია

მსოფლიო დაზოგვის დღის ისტორია 1925 წლიდან იწყება. ამ თარიღს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ ღონისძიებებით. 90 წელზე მეტია, რაც გერმანული შემნახველი ბანკები სხვადასხვა ქვეყანაში ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად ზეიმობენ ამ დღეს.

მსოფლიო დაზოგვის დღე დაარსდა მსოფლიო შემნახველი ბანკების ინსტიტუტის მიერ და მოსახლეობას აწვდის სასარგებლო ინფორმაციას თუ როგორ დაზოგონ თანხა, შეინახონ დაგროვილი ფული ბანკში. 1925 წლიდან მოყოლებული დაზოგვის დღე ბევრ ქვეყანაში აღინიშნება  და ის ყოველწლიურ ტრადიციადაც იქცა.

როგორ დავიწყოთ ფულის დაზოგვა?

ფულის დაზოგვამდე დაისახეთ ფინანსური მიზანი. ბინის გარემონტება, ავტომობილის შეძენა, მოგზაურობა, სწავლის დაფინანსება – რაც არ უნდა იყოს თქვენი სურვილი დანაზოგის საშუალებით გაცილებით მარტივად აისრულებთ მას. განსაზღვრეთ რა თანხა გჭირდებათ მიზნის მისაღწევად და დაიწყეთ ფულის შეგროვება. დანაზოგის საშუალებით გაცილებით მარტივია მოულოდნელი ფინანსური სირთულეების მოგვარება. თუ შემოსავალი შეგიმცირდებათ ან გაუთვალისწინებელი ხარჯი გექნებათ საკითხის გადაჭრას სესხის აღების გარეშე შეძლებთ.

დღეისათვის, ფულს უკვე აღარავინ ინახავს სახლში, რადგან უამრავი სხვა საშუალება არსებობს, რომელიც დამატებითი შემოსავლის მიღებას უზრუნველყოფს. ეს შეიძლება იყოს ანაბრის გახსნა, ფასიანი ქაღალდების შეძენა, ახალი ბიზნესის დაწყება და სხვა. თუ ანაბრის გახსნას გადაწყვეტთ, ყურადღებით გაეცანით პირობას. დააზუსტეთ საპროცენტო განაკვეთი, სარგებლის ოდენობა ვადაზე ადრე გატანის შემთხვევაში. ფულის დაზოგვა დაგეხმარებათ სამომავლო მიზნების მიღწევასა და გაუთვალისწინებელი ფინანსური პრობლემების ეფექტურად მოგვარებაში.

გაკეთე კომენტარი