აიკრძალება თუ არა გადახდისუნარიანობის შეფასების გარეშე სესხების გაცემა

აიღე სესხი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მოთხოვნის შემოღებაზე განაცხადა. ცვლილებების მიხედვით, იზღუდება სესხების გაცემა მომხმარებელთა გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე. ასეთი კრედიტების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკების საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, აღნიშნული შეზღუდვა იმისთვის დაწესდა, რომ ჭარბად არ მოხდეს გადახდისუნარიანობის შეფასების გარეშე სესხების გაცემა. თუ მომხმარებელს აქვს შემოსავალი, რომლის დადასტურებაც ოფიციალურად არ შეუძლია, ბანკებს აქვთ მისი შეფასების მეთოდები. შესაბამისად, მათ შეუძლიათ შეაფასონ აღნიშნული და გასცენ ასეთი ტიპის სესხი, თუმცა არაუმეტეს მათი საზედამხედველო კაპიტალის 25%-ის.

regulaciebi

რატომ გახდა აუცილებელი ახალი რეგულაციის მიღება?

ბოლო წლებში მაღალი ტემპით იზრდება შინამეურნეობების დავალიანება. ასევე, მზარდია იმ პირების დაკრედიტება, რომელთაც ვალის მაღალი ტვირთი აქვთ შემოსავლებთან მიმართებაში. საფინანსო ორგანიზაციებში ნაკლები ყურადღება ეთმობა შემოსავლების წყაროს და  რისკის მართვისთვის სხვა მახასიათებლებზე ხდება ყურადღების გამახვილება. ხშირად სესხები გაიცემა კლიენტის შემოსავლების და  გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე. კრედიტის აღებისას მომხმარებელთა დიდ ნაწილს უკვე აქვს მიმდინარე ვადაგადაცილება, რაც ართულებს ვალდებულების დაფარვას. ეს კი იწვევს ფინანსურ სირთულეებს და ზრდის ჭარბვალიანობას.

მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების მოთხოვნა განსაზღვრულია ევროკავშირის მოქმედ დირექტივაშიც, რომელიც საქართველომ 2019 წლის სექტემბრამდე უნდა დანერგოს.

რას ცლის ახალი რეგულაცია?

7 მაისიდან კომერციულ ბანკებს შეეზღუდათ გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე სესხების გაცემა საზედამხედველო კაპიტალის 25%-ზე მეტად. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდა ძვირფასი ქვებითა და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე. მომხმარებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს, ხოლო უზრუნველყოფის კოეფიციენტი არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი.

ეროვნულმა ბანკმა 2018 წელი მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების წლად გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით, ის აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლობლო პროექტებსა და საინფორმაციო მასალების გავრცელებაზე. რისი მიზანიც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დამკვიდრება და ჭარბვალიანობის პრობლემის გადაწყვეტაა.

მიუხედავად იმისა, რომ გადახდისუნარიანობის შეფასების გარეშე სესხების გაცემა იზღუდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ კრედიტის აღებას ოფიციალური შემოსავლის დადასტურების გარეშე. დღეისთვის, სესხის აღება გამარტივებულია. მომხმარებელს ონლაინ რეჟიმში შეუძლია შეავსოს განაცხადის ფორმა, რიგი ცნობების წარდგენის გარეშე მოითხოვოს და მიიღოს საჭირო თანხა.

 

 

 

გაკეთე კომენტარი