ლარის კურსი – გაუფასურების მიზეზები და მოლოდინები

აიღე სესხი

ლარის კურსის საკითხი არ კარგავს აქტუალობას. თემაზე აქტიურად საუბრობენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ექსპერტები. ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 2014 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყო. თუკი იმ დროისთვის ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.6-ს შეადგენდა, დღეს ეს რიცხვი 2.7-ია. ლარი გაუფასურდა არამარტო დოლართან, არამედ სხვა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში. ვალუტის კურსის ზრდასთან ერთად დაიწყო ფასების ზრდა სამომხმარებლო კალათაზე. რამ განაპირობა ლარის გაუფასურება? რა მოლოდინია საზოგადოებაში და რა შეფასებას აკეთებენ ექსპერტები?

ლარის კურსის ცვლილებაზე აზრთა სხვადასხვაობაა. სახელდება უამრავი მიზეზი, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდება. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული ეკონომიკა დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებზე და ხშირად მიმდინარე ნეგატიური მოვლენები ცუდად ისახება ლარზე. სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში – რუსეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში ეროვნული ვალუტების ცვლილებამ გავლენა იქონია საქართველოზეც, გაჩნდა მოთხოვნა დოლარზე, ხოლო დოლარის ყიდვის გააქტიურებამ კი გამოიწვია ლარის გაუფასურება. ექსპერტთა აზრით, ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ლარზე მოთხოვნის ზრდაზე, რადგან ლარის კურსი მყარდება, როდესაც მასზე იზრდება მოთხოვნა, ხოლო უფასურდება, როდესაც იზრდება ლარის მოცულობა. კურსი უფასურდება იმ შემთხვევაშიც, როცა მცირდება ქვეყანაში შემოსული დოლარის ნაკადი. ნებისმიერ ქვეყანაში კი ვალუტის შემოდინების წყარო ფულადი გზავნილები, საერთაშორისო ვაჭრობა, საინვესტიციო კაპიტალი, ექსპორტი, საერთაშორისო კრედიტები და ტურიზმია.

ლარის კურსი

ლარის გაუფასურების მიზეზები

მთავრობამ ლარის გაუფასურების 3 მიზეზი წარმოადგინა.

  • მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების დევალვაცია.
  • იმპორტიდან გამომდინარე გაზრდილი სავალუტო გადინებები, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე ფასების კლების გამო ვერ დაბალანსდა ექსპორტით.
  • ლარის კურსთან მიმართებაში ნეგატიური მოლოდინების შექმნა, რასაც ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან თემით სპეკულაციის მცდელობა

ექსპერტთა ნაწილი ლარის გაუფასურების მიზეზად დაბალ ეკონომიკურ ზრდას მიიჩნევს. პრობლემის მოგვარებას კი ინვესტიციების ზრდასა და საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაში ხედავს. ეკონომიკის ზრდისთვის მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდა, რადგან ქვეყანაში დოლარის მეტი რაოდენობა შემოდის, რას კურსის დასტაბილურებას უზრუნველყოფს. ამ კუთხით 2016 წელი საქართველოსთვის არ ყოფილა წარმატებული. იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ექსპორტის მაჩვენებელმა 1.92 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემებს 6%-ით ჩამორჩება. მონაცემების შემცირების მიზეზი ავტომობილების ექსპორტის ვარდნა, სავაჭრო პარტნიორებთან საქართველოდან გასული პროდუქტის კლებაა. იმპორტიც მუდმივ შემცირებას განიცდიდა. 2016 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საგარეო ვაჭრობის დეფიციტი 6.9 მილიარდი დოლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან მეტი დოლარი გადის, ვიდრე შემოდის.

კურსის მერყეობა ნიშნავს არასტაბილურ გარემოს, რაც ბიზნესს არ იზიდავს, რადგან ამ დრო სავალუტო რისკები მაღალია.

ლარის გაუფასურების შესაჩერებლად მთავრობამ 2017 წლისთვის ახალი გეგმა წარმოადგინა, რომელიც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას და ინფრასტრუქტურული პროექტების გაზრდას გულისხმობს. მთავრობამ დედოლარიზაცია უალტერნატივო გზად გამოაცხადა. ამასთან დაიწყო სასესხო პორტფელში უცხოური ვალუტის შემცირება. ამოქმედდა სესხების გალარების პროგრამა, რომელიც უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, დოლარში გაცემული სესხების ნებაყოფლობით გალარებას გულისხმობს. პროგრამის მიზანია გაიზარდოს ლარში აღებული სესხები, რაც იმის წინაპირობა იქნება, რომ საგარეო ფაქტორების ნეგატიური გავლენა შემცირდეს და ქვეყანაზე ნაკლებად იმოქმედოს.

დედოლარიზაციას აფასებენ ექსპერტები. მათი ნაწილი პოზიტიურად აფასებს პროგრამას, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ხელოვნურმა ჩარევამ შესაძლოა კერძო სექტორი დააზარალოს.

ლარის გაუფასურების შედეგები

ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ უარყოფითად იმოქმედა როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე მოსახლეობის სოციალურ შესაძლებლობებზე. კურსის გაუფასურების შედეგად დაზარალდნენ იურიდიული თუ ფიზიკური პირები, ვისაც სესხი დოლარში ქონდა აღებული. გაიზარდა ფასები სამომხმარებლო კალათაზე, გაძვირდა საწვავი და თამბაქო, ფასები გაიზარდა თითქმის ყველა პროდუქტზე. ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობა დაეცა. მომხმარებლებს პროდუქტის შესაძენად მეტი ლარის გადახდა უწევთ, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო. დოლარი გაძვირებამ და არაპროგნოზირებადმა ეკონომიკურმა გარემომ პრობლემები შეუქმა ბიზნესს. ზიანი მიადგა უძრავი ქონების ბაზარს.

კურსის სტაბილურობის მისაღწევად მნიშვნელოვანია გაგრძელდეს რეფორმები ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად კი სულ უფრო მეტი ინვესტიცია იქნება საჭირო ქვეყანაში.

გაკეთე კომენტარი